განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა საერთაშორისო პროექტის „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში (INTES)“ ფარგლებში განახორციელა საქართველოში პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების შეფასება. კვლევის მიზანი იყო განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე კორუფციული რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა.
პროექტი წარმოადგენდა განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელისა (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის (CAPI) ერთობლივ ინიციატივას და დაფინანსებული იყო ღია საზოგადოების ფონდების განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ. პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, ყირგიზეთი და მონღოლეთი) საზოგადოებრივი ორგანიზაციები წინასწარ მომზადდა განათლებაში კეთილსინდისიერების შეფასების საკითხებში. შემდეგ თითოეულ ქვეყანაში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, შერჩეული თემებისა და განათლების რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.
პედაგოგთა პროფესიაში შესვლისა და დაქირავების სისტემაში 2019 წელს განხორციელებულმა სარეფორმო აქტივობებმა მასწავლებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვაკანსიების წარმოქმნა გამოიწვია და ამავდროულად ხელი შეუწყო პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების ზრდას. შეფასება განხორციელდა აღნიშნული სარეფორმო აქტივობების პარალელურად და ფოკუსირებული იყო პედაგოგების დაქირავების პრაქტიკაში არსებული ხარვეზების, კორუფციული ფაქტებისა და რისკების (ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და სხვა) იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე.