განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა მოამზადა შეფასების ანგარიში, რომელიც აღწერს საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ფარგლებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხსა და ფაქტობრივ მდგომარეობას. შეფასება წარმოადგენს პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისთვის” ნაწილს. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდი- საქართველოს მხარდაჭერით.
კვლევითი საქმიანობების განხორციელების ფარგლებში შეგროვდა ოფიციალურად ხელმისაწვდომი მონაცემები აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და გაანალიზდა საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი დოკუმენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
მოპოვებული ინფორმაციის ანალიზიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) – შერულების პროცესი, რაც თავის მხრივ, გულისხმობს განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვადებულებების ჯეროვნად შესრულებას.
ანგარიში შეიცავს არსებული მდგომარეობისა და იდენტიფიცირებული ხარვეზების გამოსწორების გზების შესახებ რეკომენდაციებს. რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება ევროპასთან ასოცირების სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად და შედეგიანად წარმართვისათვის.