2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში.

პროექტის მიზანი და ამოცანები

პროექტის მიზანია, გააფართოვოს არსებული ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ტენდენციების ურთიერთკავშირის შესახებ უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმის კონტექსტში და შეიმუშავოს  რეკომენდაციები უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდისათვის.

პროექტის სპეციფიური ამოცანებია:

ა)         უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისშემდგომი პერიოდის  კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარზე ინტეგრირების ტენდენციების შესწავლა;

  • საქართველოს მოსახლეობის  იმ კოჰორტის დასაქმების მაჩვენებლების აღწერა, რომელმაც უმაღლესი განათლება 2004 წლის შემდგომ პერიოდში მიიღო;
  • მოცემულ კოჰორტაში დასაქმების მაჩვენებლების გაანალიზება სქესის, ეკონომიკური და სოციალური სტატუსის მიხედვით;
  • უმაღლესი განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლა სხვადასხვა სპეციალობებისათვის (ურთიერთკავშირი უმაღლეს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასა და შემოსავალს შორის);
  • უმაღლესი განათლების ეფექტის განსაზღვრა დასაქმების ალბათობაზე (სხვა ფაქტორებთან შედარებით);
  • საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართ;

ბ)         რეკომენდაციების შემუშავება სამუშაო ძალის ფორმირებისა და გამოყენების სტრატეგიის გაუმჯობესებისათვის;

გ)         საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზაცია რეკომენდაციების პაკეტის განხორციელებისათვის.

კონტექსტი

დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა  საქართველოში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რასაც ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევებიც ადასტურებს. 2012 წლის ივნისში NDI-ს მიერ  ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 60% დასაქმებას ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყანაში, ხოლო მათგან 70% ამჟამად უმუშევარია.  ამ კვლევის შედეგები, აგრეთვე, ემთხვევა 2011 წელს G-PAC -ის მიერ განხორციელებული კვლევის დასკვნებს, სადაც გამოკითხულთა 70%  უმუშევრობას  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, ხოლო 60% თვლის, რომ არასამთავრობო სექტორმა უფრო ინტენსიურად უნდა იმუშავოს ამ საკითხზე.

დასაქმების თემას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს პოლიტიკურ დისკურსშიც. ეს საკითხი გაშუქებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამებში და ასახულია საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში. უმუშევრობის პრობლემატიკაზე სამუშაოდ შესაბამისი სამინისტროც კი შეიქმნა.

დასაქმების თემის აქტუალურობის მიუხედავად, საქართველოს ჯერ არ აქვს შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად. შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს დასაქმების ტენდენციების და ამ ტენდენციებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორების შესახებ სარწმუნო ემპირიული მონაცემების მოძიების საჭიროება.

განათლება ზოგადად და უმაღლესი განათლება კონკრეტულად ადამიანური კაპიტალის ფორმირების უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად მოიაზრება.  სხვადასხვა კონტექსტში განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კვლევა ეძღვნება.  სხვა სიტყვებით, მეცნიერები და პოლიტიკოსები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები უმაღლეს განათლებაში კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე? ეს საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი საქართველოში.

2004 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში გატარებული რეფორმების ფონზე ეს თემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რადგან უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანს უმაღლესი განათლების სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.