გამოქვეყნდა იუნესკოს ახალი ანალიზი, რომელიც მოიცავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის 30 ქვეყნის განათლების სისტემებს. 2021 წლის განათლების გლობალური მონიტორინგის ანგარიში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისთვის – „ინკლუზია და განათლება: ყველა, ნიშნავს ყველას” შემუშავებულია ერთობლივად იუნესკოს, სპეციალური საჭიროებებისა და ინკლუზიური განათლების ევროპული სააგენტოს და განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის მიერ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განახოციელა საქართველოს განათლების სისტემის არსებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ანალიზი დამყარებულია ქვეყნის განათლების სისტემის ინკლუზიის გამოწვევებზე რეაგირების მონაცემებზე. იგი ითვალისწინებს 2020 წლის განათლების გლობალური ანგარიშის მიდგომებს და პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტიზებს. ანგარიშს საფუძვლად უდევს 30 ქვეყნის განათლების სისტემებში მოძიებული ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც განხორციელდა შედარებითი ანალიზი განათლებაში ინკლუზიის განსაზღვრისა და განვითარების დონის დასადგენად. 2021 წლის ევრაზიის ანგარიში მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მთავრობებისათვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის ინკლუზიის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის პოლიტიკაში ასახვისათვის რეგიონის მასშტაბით.